,, ერთია, არენაზე ძალით გაგათრიონ სიკვდილთან შესახვედრად, და სულ სხვაა, შენი ფეხით გახვიდე თავაწეული და უშიშარი. ”
ჯოან როუილინგი ,, ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი “
ალბერ კამიუ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია მეოცე საუკუნის მწერლებისა. მისი შემოქმედება ეგზისტენციალურია, ეს ტერმინი მეოცე საუკუნის ფილოსოფიის უმთავრეს ტერმინად იქცა, ჩამოყალიბდა ეგზისტენციალური ფილოსოფიური სკოლა და კამიუ ამ სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, ჟან-პოლ სარტრთან ერთად.
ეგზისტენციალიზმის მრავალი განმარტება არსებობს, ზოგადად, ეს არის ადამიანური არსებობის აზრის ძიება. ამ ფილოსოფიამ სამყაროს ცენტრში ადამიანი დააყენა, ადამიანის არსებობის სიღრმისეული პრობლემები იქცა მთავარ ფილოსოფიურ პრობლემებად.
კამიუ წერს, რომ არსებობს ერთადერთი ფილოსოფიური პრობლემა : თვითმკვლელობა. განსაზღვრო, ღირს თუ არა სიცოცხლე არსებობისთვის ბრძოლად.
მას აბსურდის ფილოსოფოსსაც უწოდებენ. აბსურდის ფილოსოფია ამტკიცებს, რომ ადამიანის ყოფიერება უაზროა, არავითარი გამართლება არ აქვს მის არსებობას. იბადება იმისათვის, რომ მოკვდეს. რაც უნდა მოიმოქმედოს, საბოლოოდ მისი ბოლო სიკვდილია.
არ იცის, საიდან მოვიდა, რისთვის არსებობს და საით მიდის. ასე რომ, მისი არსებობა სრული აბსურდია.
ლიტერატურაში ეგზისტენციალიზმთან ერთად, აბსურდიც დამკვიდრდა. ამ სტილის მთავარი მწერალი ფრანც კაფკაა, ვისთანაც აბსურდი ისე იკითხება, თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, რომ ადამიანმა ერთ დღეს მწერად გაიღვიძა (,,მეტამორფოზა’’). ალბერ კამიუმ მის შემოქმედებაზეც დაწერა ძალიან საინტერესო ესე ,, იმედი და აბსურდი ფრანც კაფკას შემოქმედებაში.’’
კამიუ ადამიანურ არსებობას სიზიფეს შრომას ადარებს. სიზიფეს მითი ძველი ბერძნული მითია, რომლის მიხედვითაც მოკვდავი, ადამიანი სიზიფე ღმერთებს არ დამორჩილდა და დაისაჯა. მისი სასჯელი ამქვეყნად ყველაზე საშინელი რამ: ფუჭი შრომა იყო. მას აღმართზე უნდა აეგორებინა ქვა, რომელიც უკან ბრუნდებოდა და თავიდან ასატანი ხდებოდა და ასე დაუსრულებლად. სიზიფე წინ აღუდგა ადამიანურ ბედისწერას: ის არ დამორჩილდა სიკვდილს, ადამიანური ყოფის აუცილებელ ელემენტს.
სიზიფე საიქიოდანაც კი დაბრუნდა გარიგებით, რომ საქმის მოგვარების შემდეგ იმ ქვეყანას დაბრუნდებოდა, მაგრამ აღარ ისურვა დაბრუნება. არც თუ ისე გასაკვირია, რომ ცბიერებასთან ერთად, სიზიფეში სიცოცხლის არანორმალურ სიყვარულს ვხედავთ : ის ხომ ადამიანია. ერთი შეხედვით, სიზიფე ამპარტავანია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მან ღმერთებს კორინთოსთვის სთხოვა წყარო, თავისი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა.
იბადება შეკითხვა : დამარცხებულია თუ გამარჯვებული ასეთი სასტიკი სასჯელით დაღდასმული სიზიფე ? ამაზე პასუხი კამიუს ესეში პირდაპირ არაა მოცემული, მაგრამ ის ხაზს უსვამს ზოგიერთ გარემოებას. მოსწონს თუ არა სიზიფეს თავისი შრომა ? მექანიკურად და ნების გარეშე აკეთებს ამას, თუ ეს მისი არჩევანია ?
კამიუ ნათლად წარმოიდგენს მას ლოდის ათრევის პროცესში, მის დაძაბულ სხეულს, როგორ ცდილობს ლოდის ათრევას, მის წამიერ გამარჯვებას მწვერვალის პიკზე. მაგრამ ყველაზე მეტად აინტერესებს დაგორებული ლოდის შემყურე სიზიფე, რომელიც ქვევით ეშვება მის ხელახლა ამოსათრევად. სანამ დაეშვება, ის წამი შეგნების წამია. რამდენჯერაც დაეშვება, იმდენჯერ იმარჯვებს თავის ბედზე, ის უფრო ძლიერია, ვიდრე საზიდი ლოდი.
ბუნებრივად გამახსენდა ერიხ მარია რემარკის სიტყვები ,,სამი მეგობარიდან’’ : ,,სანამ ადამიანი ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უფრო ძლიერია.’’ სიზიფე ამის ნათელი დადასტურებაა. იგი არ ტყდება, არ განიცდის სასოწარკვეთას. ჩემს წარმოდგენაში მთიდან ყოველთვის თავაწეული და ამაყი ეშვება.
ბედისწერასთან დაპირისპირებული ნებისმიერი პირი დასამარცხებლადაა განწირული. მაგრამ ყველაზე ძლიერი ისაა, ვინც დამარცხებისთვის განწირულ ბრძოლას იწყებს. ბედისწერასთან დაპირისპირება სასჯელს იწვევს, მაგრამ ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი გამარჯვება. ის აღწევს მისი არსებობის მთავარ აზრს და მიზანს : თავისუფლებას. ,,უნდა გვესმოდეს, რომ რაღაცეებს ნამდვილად ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ მაინც მზად უნდა ვიყოთ მათ შესაცვლელად.’’ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის პერსონაჟი, ჯეი გეთსბი ასე ეხმიანება ამ დებულებას. საერთოდაც, გეთსბი თანამედროვე სიზიფეა, მისი შრომა ფუჭი და ტანჯვით სავსეა, მაგრამ ის ბედნიერია. კიდევ მრავალი პროტოტიპი ჰყავს სიზიფეს მსოფლიო ლიტერატურაში : კურტ ვონეგუტის ჰარისონ ბერჯერონი, რომელიც სისტემას უპირისპირდება იმის მიუხედავად, რომ დასამარცხებლადაა განწირული. მას სწამს, რომ გაიმარჯვებს. გულის სიღრმეში გრძნობს დამარცხების გარდაუვლობას, იტანჯება, მაგრამ თავისუფლებით ბედნიერია. ასევე, ბევრ საერთოს ვხედავ სიზიფესა და ერნესტ ჰემინგუეის მოხუცს შორის ,,მოხუცი და ზღვიდან’’. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ორივე ბოლომდე იხარჯება, ორივე იაზრებს ამოცანის სიძნელეს და არც ერთი არ კარგავს რწმენას.
ჰარი პოტერი სულაც საუკეთესო თანამედროვე გააზრება მგონია სიზიფეს პიროვნებისა. ის არის ადამიანი, რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს, დამარცხდეს. ამ მხრივ მისი ცხოვრება სიზიფეს გარჯას ჰგავს. წინასწარ იცის, რომ გზის ბოლოს გარდაუვალი სიკვდილი მოელის და მარცხსაც უშვებს, ამ ბოლო მომეტამდე მისვლამდე კი მრავალი ტანჯვა. მაგრამ სიზიფეს არ იყოს, მისი გზა იმით არის გამორჩეული, რომ მას გააზრებული აქვს ტანჯვაც და დასასრულიც. ეს გზა მისი არჩევანია და არა უბრალოდ მიღებული სასჯელი.
თავისუფლება ალბათ სწორედ ის არის, მიუღებელ მოცემულობას არ დამორჩილდე და მისი შეცვლა სცადო. შედეგი არ არის მთავარი, ცდა უკვე გამარჯვებაა. ასევე, ბედის მიღებაც თავისუფლებაა, თუკი ეს შენი არჩევანია. ანუ, ბედი – ეს არის შენი თავისუფლების პასუხი, ან საზღაური. ასე რომ, ეს შენივე არჩევანი, მონაპოვარია. ეს არის სასჯელი შენი დაუმორჩილებლობისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, ესაა ჯილდო შენი გამბედაობისთვის. სწორედ ასეთ ლოგიკას უწოდებს კამიუ აბსურდს. ჯილდო არის იმიტომ, რომ შენ შეგნებული გაქვს ეს სასჯელი, თავად გადაწყვიტე მისი მიღება. შენ არჩევანი გქონდა, სწორედ ამ არჩევანის, თავისუფლების საზღაურია ტანჯვა.
კამიუ წერს, რომ არჩევანი ღმერთს ადამიანური სამყაროდან აძევებს, ადამიანი თავად განაგებს ბედისწერას. სიზიფეს უდრტვინველობა და ასევე, ოიდიპოსის სიტყვები, რომ ყველაფერი კარგადაა, ბედისწერას ადამიანების საქმედ აქცევს, რომელიც მათ შორის უნდა მოგვარდეს. ეს ეხმიანება ღმერთის შესახებ ეგზისტენცალისტების შეხედულებებს შორის ჩემთვის ყველაზე მისაღებს : ,,ადამიანმა თვითონ უნდა მოიპოვოს საკუთარი თავი და დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში, მას ვერავინ იხსნის საკუთარი თავისგან, ღმერთის არსებობის უტყუარი დასტურიც კი’’. (ჟან-პოლ სარტრი ,,ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია’’).
ამბობენ, რომ ალბერ კამიუს თხზულებებში არ ჩანს ღმერთი. დაუსაბუთებელი თვალსაზრისია, კამიუ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე წერს, ღმერთი კი იმქვეყნიური, გარე სამყაროს ,,პერსონაჟია’’. კამიუს შემოქმედება ისევ და ისევ იმეორებს ეგზისტენციალისტების აზრს, რომ ღმერთი არ არის ადამიანურ სამყაროში. ადამიანი თავად განაგებს საკუთარ ბედს და არსებობას.
სიზიფეს ტანჯვა მისი გამარჯვების ნაწილია, როგორც სიკეთე არ არსებობს ბოროტების გარეშე, როგორც მზის შუქი არ არსებობს ჩრდილის გარეშე, ისე არც გამარჯვება არსებობს საზღაურის გარეშე.