გლიური უჯრედები ჩვენს ტვინზე ზრუნვას ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში იწყებენ. ეს არის ის, რაც პირველი რეაგირებს თავის ტრავმებზე და შეუძლია დაზიანებების აღმოფხვრა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი ტვინი ფორმირების ეტაპზეა და ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში ვიმყოფებით. ეს უჯრედები ახერხებენ ჩვენი ტვინის ნეირონული ნაგვისგან გასუფთავებასაც და ასე გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, 2017 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ, მათ შესახებ ახალი ცოდნა შევიძინეთ. აღმოჩნდა, რომ ძილნაკლულ თაგვებში, გლიური უჯრედები იწყებენ ტვინის ჯანმრთელი უჯრედებით კვებას… სანამ უშუალოდ, კვლევის შედეგზე გადავალთ, მნიშვნელოვანია განვიხილოთ მეთოდოლოგია, ან უფრო დეტალები, რომლებმაც მეცნიერები მნიშვნელოვან დასკვნამდე მიიყვანა.
ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვებში გლიური უჯრედების ორი ტიპი შეისწავლეს – ასტროციტები და მიკროგლიური უჯრედები. პირველი ნეირონული სინაფსისთვის ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს – ასუფთავებს ნეირონული კონტაქტის ადგილს. უფრო კონკრეტულად, ასტროციტი, ანუ ვარსკვლავის ფორმის დიფერენცირებული გლიური უჯრედი, ნერვულ ქსოვილში ასრულებს საყრდენ და დამცველ ფუნქციებს, არეგულირებს ნეირონების ექსტერნალურ ქიმიურ გარემოს, უზრუნველყოფს კალიუმის არასაჭირო იონების მოცილებას. ხოლო მიკროგლიური უჯრედები ფორმაცვალებადები არიან და მრავლდებიან მაშინ, როდესაც ტვინი ზიანდება. ჯანმრთელ ტვინში მიკროგლიები განსაზღვრავს იმუნიტეტის საპასუხო ქმედებას ტვინის დაზიანებაზე და თამაშობს მნიშვნელოვან როლს ანთებით პროცესში, რომელიც დაზიანებას სდევს ხოლმე თან. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი აშლილობა და დაავადება სწორედ მიკროგლიის უკმარისობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ალცჰაიმერის, პარკინსონის დაავადებები და ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი.
კვლევის ფარგლებში, თაგვები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს ძილის თავისუფლება ჰქონდა, ანუ შეეძლო დაეძინა იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც მოესურვებოდა, მეორე ჯგუფს აიძულებდნენ სიფხიზლეს 8 საათის განმავლობაში მანამ, სანამ ძილის ნებას დართავდნენ. მესამე ჯგუფი კი 5 დღის განმავლობაში, არასტაბილური ძილის პირობებში ყავდათ, იმისათვის, რომ ძილის ქრონიკული პრობლემის იმიტაცია შეექმნათ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გლიური უჯრედების ორივე სახე, ძილის პრობლემებისას, დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს თაგვების ტვინის უჯრედებზე.
იმ თაგვების ჯგუფში, რომელსაც კარგად ეძინა, ასტროციტები ნეირონული სინაფსების 6%-ში იყვნენ აქტიურები, მეორე ჯგუფში, რომელსაც ძილი გადაუვადეს – 8%-ში, ხოლო ძილის ქრონიკული პრობლემების მქონე თაგვებში 13.5%-ში. „ჩვენ პირველად ვაჩვენეთ, რომ ძილნაკლულობიდან გამომდინარე, სინაფსების ერთგვარი პორციები, პრაქტიკულად, შთანთქმულია ასტროციტების მიერ“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, თუმცა, ჯერჯერობით ზუსტად არაა ცნობილი, ეს პოზიტიური მოვლენაა, თუ ნეგატიური, თუმცა, ვიცით, რომ ეს ერთგვარი „წმენდა“ ასტროციტების მხრიდან, ჩატარდა ყველაზე დიდ და აქტიურ სინაფსებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სინაფსი ნერონული კავშირის ადგილია, რომლის მეშვეობითაც ნეირონები ერთმანეთს აღგზნებას, ან შეკავებას გადასცემენ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპერიმენტის მონაწილე თაგვები ძილნაკლულები 5 დღის განმავლობაში იყვნენ და ესეც რომ არა, ექსპერიმენტში მონაწილებდნენ თაგვები და არა ადამიანები. ანუ, ზუსტად არ ვიცით, რა ხდება იმ ადამიანების შემთხვევაში, კი არა და ალბათ, უფრო იმ ადამიანების ტვინში, რომლებთანაც ძილნაკლულობა თვეები, ან სულაც წლები გრძელდება…
კვლევის კიდევ ერთი შემაშფოთებელი შედეგი ისაა, რომ ძილის პრობლემებისას, თაგვის ტვინში მიკროგლიების აქტივობაც გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ ასეთ დროს, ისინი ზეაქტიურები ხდებიან. როგორც უკვე ვთქვით, მიკროგლიები ტვინში დაზიანების შემთხვევაში მრავლდებიან. ისიც ვთქვით, რომ მიკროგლიური უჯრედების დარღვევები (მათ შორის, ზეაქტიურობაც) სხვადასხვა აშლილობისა თუ დაავადების საფუძვლადაც განიხილება (მაგალითად, ალცჰაიმერის).
კაცობრიობის ისტორიაში, არაერთი კვლევა ჩატარებულა თაგვებზე და მათი უმეტესობისგან მიღებული შედეგი, ადამიანების შემთხვევაშიც აქტუალურია ხოლმე. სწორედ ამიტომ, სტატიის ბოლოს, გთავაზობთ ერთგვარ გამოსავალსაც, ანუ იმას, თუ როგორი ძილის რეჟიმია ნორმალური თქვენი ასაკისთვის. აღნიშნული რჩევისას კი Sleep Foundation-ს დავეყრდნობით.
- ახალდაბადებულები (0-3 თვე): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 14-17 საათით (აქამდე იყო 12-18);
- ჩვილები (4-11 თვე): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 12-15 საათით (აქამდე იყო 14-15);
- ბავშვები (1-2 წელი): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 11-14 საათით (აქამდე იყო 12-14);
- წინასასკოლო ასაკი (3-5): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 10-13 სათით (აქამდე იყო 11-13);
- სასკოლო ასაკი (6-13): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 9-11 საათით (აქამდე იყო 10-11);
- ტინეიჯერები (14-17): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 8-10 საათით (აქამდ იყო 8.5-9.5);
- მოზრდილები (18-25): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 7-9 საათით (აქამდე ეს ასაკობრივი კატეგორია გამოყოფილი არ იყო);
- ზრდასრულები (26-64): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 7-9 საათით;
- ხანშიშესულები (65+): ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღე-ღამეში 7-8 საათით.