ასპინძის ბრძოლა დეტალური ისტორია + მათემატიკური ანალიზი, ნაწილი პირველი. პოლკოვნიკ დავით მაღლაკელიძის ნაშრომიდან.
XVIII ს-ის 60-იანი წლების დასასრულს ფეოდალური საქართველო ერთიან სახელმწიფოს არ წარმოადგენდა. იგი დანაწევრებული იყო ქართლ-კახეთის, იმერეთის სამეფოდ და რამდენიმე სამთავროდ. სამხრეთ ნაწილი კი ოსმალეთის მიერ იყო დაპყრობილი, რომელიც ახალციხის საფაშოს ემორჩილებოდა. ამ დროისათვის რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულ ძალად გამოიყურებოდა და თავისი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ამოცანები დასახა შავი ზღვის სანაპიროების დაპყრობასა და იქ თავისუფალი ნაოსნობის მოპოვებისა (112, 650).
რუსეთს ოსმალეთთან ომში ევროპის სახელმწიფოთა მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდა და ამიტომ, რელიგიური მოტივით შენიღბა თავისი ნამდვილი მიზნები და მოწოდებით მიმართა კავკასიელ და ბალკანელ ქრისტიანებს, რომ იგი ,,იძულებულია’’ ებრძოლოს თურქეთს ,,ქრისტეს სარწმუნოებისათვის’’ (112, 650). რუსეთი კავკასიაში ახალი ფრონტის შექმნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ოსმალეთი იძულებული გახდებოდა, ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი მოეხსნა საომარ მოქმედებათა თეატრიდან ყუბანი-ყირიმი-დაღესტნის მიმართულებებზე და კავკასიის ფრონტზე გადმოეყვანა.
1769 წლის 21 მაისს თბილისშიQქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II და
იმერეთის მეფე სოლომონ I ერთმანეთს შეხვდნენ და ერთობლივ მოქმედებაზე შეთახმდნენ (112, 651), რომელიც მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთის გათავისუფლებას. ასეთი მომენტი რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირებამ მოიტანა.
ერეკლე II-ს საქართველოში რუსეთის ჯარის მცირე საექსპედიციო რაზმი, რომელიც 1769 წელს გენერალი ტოტლებენის განკარგულებაში იყო, არ მიაჩნდა საკმარისად ამ ამოცანის გადასაჭრელად და ყოველი გზით ცდილობდა რუსეთიდან 5 ათასიანი კორპუსის მიღებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უმთავრეს ამოცანას რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისას მეფე ერეკლე ცალკე არ გამოყოფდა. მაგალითად, 1769 წლის 4 სექტემბერს ერეკლე ნ. პანინს წერდა: ,,ეს ხუთი ანილკი ჯარი ამად გვნებავს ზამთრამდის და ამისათვის მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ რადგან ოსმალთ ძალი ჩვენის საზღვრამდის არ მოწეულა, ჩვენ იმ ჯარის შეწევნით, რომელნიც რომ არარატის მთის გარშემო, ანუ ახალციხისა და ანუ ყარსისა გარშემო ქრისტიანი არიან, და ისინი ოსმალთა მონებასა ქუეშე
იმყოფებიან, და კვალად რომელნიც შავი ზღვის გარემო ჩვენ კერძო ადგილი უჭირავს, შესაძლებელ არს, რომ ყოველივე ძალთა ღვთისათა მიუღოთო” (98, 54).
აქ ნათლად ჩანს, თუ რომელი მიმართულებაა ერეკლესათვის უფრო საინტერესო. იგი საქრისტიანო ქვეყნების განთავისუფლების საერთო ლოზუნგსა და ამ მიმართულებით მტრისათვის დასწრების საერთო გეგმას სთავაზობდა რუსეთის ხელისუფლებას.
ამრიგად, ახალციხეზე ლაშქრობის გეგმა ერეკლეს მიერ იქნა
წამოყენებული ჯერ კიდევ 1769 წლის აგვისტო-სექტემბერში, მაგრამ მეფე მის განხორციელებაზე თავს იკავებდა, სანამ რუსეთი დამხმარე ჯარს არ გამოაგზავნიდა. მას გადაწყვეტილი ქონდა ესარგებლა რუსეთ-ოსმალეთის ომით, როგორც ხელსაყრელი ვითარებით, რათა რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური დახმარებით მტრისთვის ხელიდან გამოეგლიჯა ძველისძველი ქართული მიწა-წყალი. აქედან გამომდინარე, ასპინძის ბრძოლის გამომწვევი მიზეზი 1768 წელს დაწყებული რუსეთ-ოსმალეთის ომი იყო. ერეკლე II და სოლომონ I საერთო მტრის წინააღმდეგ მოლაპარაკების საფუძველზე იწყებდნენ საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის დახმარებით (125, 49).
ამ ამოცანის წინა პლანზე წამოწევა იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენი სამშობლოს სამხრეთით, უძველეს კულტურულ მხარეში ახალციხის თურქული საფაშო არსებობდა, რომელიც ოსმალთა აგრესიის ბაზას წარმოადგენდა. ვიდრე ეს პლაცდარმი ქართლსა და იმერეთში შემოსასვლელ გზებზე ბატონობდა და მტრის ხელში იყო, ცხადია, საქართველოს დანარჩენი რაიონების უსაფრთხოება
უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა. ამიტომ, ერეკლე მეფის სტრატეგიული ჩანაფიქრის განხორციელებისათვის რუსეთთან სამხედრო კავშირის დადება, თუ ლოგიკას დავეყრდნობით იმ დროისათვის ყველაზე უახლოესი და რეალური ნაბიჯი იყო. მის მიერ შემუშავებულ სამხედრო მოქმედებების გეგმას შემდეგი
უპირატესობა გააჩნდა:
1. ოსმალეთს ხელიდან აცლიდა მოხერხებულ სამხედრო სტრატეგიულ
პლაცდარმს, რომელიც უკეთ უზრუნველყოფდა საომარ მოქმედებათა
წარმატებით გაშლას, ვიდრე სხვა რომელიმე მიმართულება.
2. შემუშავებული გეგმა უკეთ უზრუნველყოფდა მოკავშირე მხარეთა ერთობლივ მოქმედებას, რადგან მას ორივე ქართული სამეფოსათვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა:
ა) ქართლ-კახეთისათვის _ ახალციხის დაკავებით ქართლს ოსმალეთის
Kაქტიური შემოტევის საფრთხე ეხსნებოდა, ისპობოდა ბაზა, საიდანაც მტერი საქართველოს დაპყრობას ცდილობდა.
ბ) იმერეთისთვის _ ახალციხეზე ლაშქრობა იმერეთზე თავდასხმის ბაზას მოშლიდა, რადგან დასავლეთ საქართველოს საქმეებს ოსმალეთი ახალციხის ფაშას მეშვეობით აკონტროლებდა. ახალციხის დაკავება იმერეთის ციხესიმაგრეებში მყოფ თურქ მეციხოვნეებს დახმარების წყაროს გადაუკეტავდა, რასაც, ბუნებრივია, მათი დანებება მოჰყვებოდა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის მთავრობამ სამხედრო ნაწილი გამოგზავნა საქართველოში 1200 კაცითა და 12 ზარბაზნით, გენერალ ტოტლებენის მეთაურობით. ვინ იყო ტოტლებენის პიროვნება? როგორც ისტორიული მასალებიდან ირკვევა, იგი ტომით იყო საქსონიელი გერმანელი, ავანტიურისტი. ის ფარულად ღალატობდა რუსეთს ევროპაში წარმოებული საბრძოლო მოქმედებების დროს. Mმას ფარული
მიმოწერა ჰქონდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-თან და სამხედრო საიდუმლოებებს აცნობდა. ღალატში მხილებული დაპატიმრებულ იქნა 1763 წელს. 1769 წელს ეკატერინე II-ის შეწყალებით იგი გაანთავისუფლეს და საქართველოში გამოგზავნილი ექსპედიციის უფროსად დანიშნეს (112, 655). Mმოწინააღმდეგე მხარეთა დაპირისპირებაში ერეკლე II შვიდი ათასი მებრძოლითა და 3 ზარბაზნით გამოდიოდა (112, 653).