ასპინძის ბრძოლა – დეტალური ისტორია + მათემატიკური ანალიზი. პოლკოვნიკ დავით მაღლაკელიძის ნაშრომიდან. ნაწილი მეორე.
ერეკლე მეფის მიერ შეთავაზებული სამხედრო მოქმედებების გეგმა 1769 წლის შემოდგომაზე ტოტლებენს მიუღია და რუს-ქართველთა ჯარს ამ გეგმით უნდა დაეწყო მოქმედება. სურდა თუ არა ტოტლებენს, იგი მაინც უნდა დაძრულიყო ერეკლესთან ერთად ახალციხისაკენ, რადგან მისი ადრინდელი განცხადებები ახალციხეზე ლაშქრობებში მონაწილეობაზე აშკარა უარის თქმის უფლებას არ აძლევდა. 1770 წლის 14 აპრილს ერეკლე მეფე და ტოტლებენი რუს-ქართველთა ჯარით სადგერში იდგნენ. ტოტლებენს მეფისთვის წინადადება მიუცია, ქართული ჯარის ნაწილი სადგერის ციხეში დაეტოვებინა, თვითონაც სურვილი გამოუთქვამს 1 ზარბაზნისა და 60 ჯარისკაცის დატოვებაზე, მაგრამ ერეკლე მეფე ამის წინააღმდეგ წასულა. ,,სადგერის ციხეში ჯარი მთხოვა დასაგდებლად, _ წერდა ერეკლე რატიევს, _ თავისის ჯარისაც მითხრა 60 კაცს და ერთ ზარბაზანს დავაგდებო. დაუშალე, მაგრამ ჩემი რჩევა არ მიიღო”(98, 59).
ერეკლე ქართველთა ჯარით მდ. შავი წყლის (,,ბორჯომკა~) გაყოლებით აწყურისაკენ დაიძრა. ტოტლებენს თავისი რაზმის ნახევარი და 6 ზარბაზანი სადგერში დაუტოვებია და მეორე დღეს უმოკლესი გზით (მდ. მტკვრის ხეობით) აწყურისკენ წასულა (98, 59).
,,მოკავშირე ძალები 1770 წლის 17 აპრილს ბორჯომის ხეობის გავლით
მიმავალ გზაზე საკირესთან შეერთდა და შუადღისას აწყურის ციხეს ალყა ნაწილობრივ შემოარტყეს~ (98, 59). ,,აწყურაციხის შემოდგომა ჩემი ნება არ იყო _ წერდა ერეკლე გოლიცინს 1770 წლის 10 მაისს, – იმისათვის რომ რადგან მტრის მამულს ვიყავით, უმჯობესად ეს აღმოჩნდა: მათნი ქონებულნი, რომელნიც სოფლებით სურსათი აქუნდათ, სულ ჩვენ მოგვეგროვებინა და შემდგომად მისისა, უკუეთუ უმჯობეს იქნებოდა, მივსულიყავით ახალციხეზედ~ (98, 60). აწყურისათვის დროის დაკარგვა შეცდომა იყო, რადგან რუს ქართველთა ჯარს საალყო ქვემეხები არ ჰქონდათ; ხოლო მცირეკალიბრიანი ქვემეხების დახმარებით ციხის იერიშით აღების ცდა, ბუნებრივია, უშედეგოდ დამთავრდებოდა. სანამ გარნიზონს საკვები, წყალი და გარედან დახმარების იმედი ქონდა, ციხის აღება დიდი მსხვერპლის გაღებასა და დროს ითხოვდა.
აწყურის ციხის აღების სხვა საშუალებაც არსებობდა – მტრის ზურგში ღრმად შეჭრა, მეციხოვნე ჯარის მოწყვეტა მტრის დამხმარე ჯარებისაგან აი, რას შეეძლო ციხის გარნიზონის წინააღმდეგობის გატეხა. ასეთ პირობებში ციხის ალყა მცირე ძალითაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო და გარედან დახმარებას მოკლებულიმოწინააღმდეგე წინააღმდეგობას ვეღარ გაწევდა.
ერეკლეს გეგმა გაბედული და სწორი იყო. Mმას უნდოდა ეს ციხე უკან მოეტოვებინა, მტრისთვის მოფიქრების საშუალება არ მიეცა და დაუყონებლივ მისი მთავარი სტრატეგიული პუნქტისთვის _ ახალციხისთვის დაერტყა, რათქმაუნდა, შესაძლებლობის შემთხვევაში. სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით, აწყურის ციხის აღება არასწორად იქნა ჩატარებული. რუსთა მოქმედებიდან ჩანს, რომ 1770 წლის 17-18 აპრილს აწყურის ციხისთვის ბრძოლა
სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან მიმდინარეობდა. მტკვრის გაღმა არ იყო არცერთი კაცი რუს-ქართველთა ჯარისა და ახალციხიდან მომავალი გზა გადაუკეტავი იყო. რადგანაც სრული გარემოცვა არ მოხერხდა, მტერს საშუალება ჰქონდა, ციხეში შეეგზავნა დამმხმარე ჯარი საჭურვლითა და სურსათით. თუ ტოტლებენს ციხის აღება ნამდვილად სურდა და ეს მას შესაძლებლად მიაჩნდა, მაშინ მას ციხეზე ალყა მთლიანად უნდა შემოერტყა.
ერეკლე აწყურის გარემოცვის წინააღმდეგი იყო. ამიტომ ტოტლებენის ჯიუტი საქციელის გამო ხელი აიღო საკუთარ ინიციატივაზე და იძულებული გახდა, საქმე რუსი სარდლისთვის მიენდო. როგორც მეფის წერილებიდან ჩანს, ტოტლებენს პირობა დაუდვია, რომ ციხეს დაუყონებლივ აიღებდა. შესაძლებელია, მეფემ ჯერ კიდევ არ იცოდა რუსეთიდან ჩამოტანილი ზარბაზნების საცეცხლე შესაძლებლობები და მიენდო კიდეც ტოტლებენის დაპირებას. ერეკლე წერს, რომ ,,ტოტლებენმა პირობა დასდო ჯარში, რომ მტერს დღესვე ციხეს წავართმევო, და ეს ვერ შევიტყვეთ _ ვერ შეძლო თუ არ
ინებაო~. რადგანაც ციხეზე მისასვლელი გზა გადაკეტილი არ იყო, ახალციხის ფაშას უსარგებლია და 18 აპრილს 2000 კაცი შეუგზავნია ციხეში (98, 62).
ტოტლებენი უკან დახევის სამზადისს შეუდგა, რამდენჯერმე აწყურის ციხეს ზარბაზანი ესროლა და სურამისაკენ გამობრუნდა (98, 59). სამი კვირის შემდეგ ერეკლე II რუსეთის ვიცე-კანცლერ გოლიცინს წერდა:
`მე მოველ და ღრაფს დიდად ვევედრე და ჩემი თავი ვითა ერთი მისისა კომანდის აფიცერი ეგრეთ კამანდაში ვაძლივე და მრავალს ვევედრე გამობრუნებას მტერზედ. . . იმ ჩემს ვედრებაზედ ორი ზარბაზანი ამოაბრუნა და ერთს მაღალ გორაზედ აიტანეს, რომელიც დიდად შორევდა მტერზედ, მუნითგან 4 – 5 ზარბაზანი ესროლა და გაბრუნდა, და აღმითქვა რომ აქავე ახლო ერთს ბალახიან ადგილს ჩამოვხდებიო და ამ სახით გამობრუნდა~ (98, 59).
ტოტლებენის მიერ ბრძოლის ველის მიტოვებას ქართველთა ლაშქარში
უწესრიგობა მოჰყოლია, ხოლო მტერი გამძვინვარებულა. ,,ეს გამოპარვა იარანალისა, _ წერდა ერეკლე გოლიცინს, _ ჩვენმა ჯარმა რა სცნა, დიდსა და გამოუთქმელსა დრტვინვასა მიეცნეს. და მტერთა, რა იხილეს და სცნეს, დიდად განიხარეს სიმხნე მიიღეს”. ერეკლეს მთელი სიმკაცრის გამოყენებით მოუხერხებია ქართველთა ლაშქარში დისციპლინის აღდგენა და ციხიდან უკან დაუხევია. გამხნევებული მტერი შეტევაზე გადმოსულა, მაგრამ ქართველთა კონტრშეტევით დამარცხებული ისევ ციხეს შეფარებია (98, 62). ამრიგად, სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით არასწორად ორგანიზებულმა ალყამ მარცხი განიცადა. სათანადო ლიტერატურის გაცნობით ირკვევა, რომ აწყურთან ტოტლებენის ღალატი სურსათის უქონლობით არ შეიძლება აიხსნას. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული ერეკლე მეფის განკარგულებები (1769-1770 წლებისა) ნათლად ადასტურებენ, რომ მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა რუსეთის ჯარის მომარაგების საქმეს და მათთვის სურსათის მიყიდვა ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. ალ. ცაგარელის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ცნობილია, რომ ერეკლე უსასყიდლოდაც აძლევდა რუსეთის ჯარს სურსათს, ამიტომ სურსათის ნაკლებობის მომიზეზება ტოტლებენს მხოლოდ 19 აპრილს მოაგონდა, რათა ბრძოლის ველის მიტოვება გაემართლებინა. 13 მაისს ამასვე იმეორებდა ლვოვიც, რათა რუსეთის მთავრობის თვალში აწყურიდან დაბრუნება გაემართლებინა (98, 65-66).
ღალატი აშკარად ჩანდა. Aმის დასამტკიცებლად, გარდა ზემოხსენებულისა, მოვიყვანთ ორ მაგალითს, სადაც მოთხრობილია ერეკლე მეფესა და ტოტლებენს შორის უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი და ხაზგასმულია ის, რომ არსებული დროისთვის რუსეთის მთავრობა ორმაგ თამაშს ეწეოდა: `ხოლო შთააგდეს შური ბოროტთა კაცთა და უზიდავდნენ ღრაფ ტოტლებენს ავსა სიტყვასა~. ასევე რუსეთის ელჩის ლვოვის წინადადება ერეკლე მეფისადმი: `ვინაითგან თქვენსა და ღრაფ ტოტლებენს შორის შფოთი რამე არს შთამოვარდნილი, თუ რომ ოსმალთ არ აეშლები და ერთს რასმე სამსახურს არ დაანახვებ იმპერატრიცა ხელმწიფე ეკატერინას, უთუოდ ღრაფი შეგასმენს და არ ვარგაო. ამის რჩევით განიგულა მეფემან აშლა~ (64).
პატივმოყვარე გენერალს სურდა რუს-ქართველთა მთელი ჯარი და თვით მეფე ერეკლეც უსიტყვოდ დამორჩილებოდა მის მიერ დასახულ მცდარ გეგმას და ბრძანებებს. ერეკლე არ იყო ისეთი სარდალი, რომ ტოტლებენის სურვილები ბოლომდე გაეთავისებინა. ბოლოს მეფის პრინციპულმა გადაწყვეტილებამ, გაელაშქრა მტერზე, ტოტლებენი აიძულა, უკან გამოჰყოლოდა. მეფისთვის ისიც გასაგები გამხდარა, თუ რატომ უღალატა ტოტლებენმა აწყურთან. ფრანგი კაპიტანი დე გრაი დე ფუა ამის შესახებ წერს: უკან დაბრუნებულმა ტოტლებენმა ,,იქიდან (სურამიდან) ერეკლესთან მე გამგზავნა და დამაბარა:
,,პური გამომელია და ქართლში დავბრუნდი მის საშოვნელადო. ერეკლემ ცივად მიმიღო~. მან სთქვა: ,,მე კარგად ვხედავ იმ მიზეზს, რისთვისაც მიღალატა და მიმატოვა გრაფმა. მას იმედი აქვს, რომ ამ ომში ოსმალები ბოლოს მომიღებენ . . .თუ თქვენ ჩემთან დარჩებით, თქვენი თვალით დაინახავთ, როგორ გაუცრუვდება იმედი გენერალს. შემდეგ ამის შესახებ შეგიძლიათ მოახსენოთ მას~ (39).
. . . მან (ერეკლემ) თურქ ტყვეთა დაკითხვით და ადგილობრივი
ქართველების საშუალებით შეიტყო, რომ ახალციხის ფაშას განზრახული ჰქონდა, გენერალ ტოტლებენს ფეხდაფეხ უკან დასდევნებოდა და ბორჯომის ვიწრო ხეობაში მთლად გაენადგურებინა. ეს ამბავი და ახალციხის ფაშას ძალთა რაოდენობა მეფე ერეკლესთვის უცნობებია სოფ. უდის (ადიგენის რ-ნი) ადგილობრივ მცხოვრებს, ვინმე იაკობ გზირიშვილს (79). ერეკლეს მთავარი ამოცანა იყო, ახალციხეში განლაგებული ფაშას მთავარი ძალები თავისკენ მიეზიდა, რათა რუსეთის ჯარს ბორჯომის ხეობა დაეტოვებინა. რუსეთის ჯარის
წასვლით იმდენად გათამამდნენ აწყურის მეციხოვნეები, რომ ოსმალეთის დელიბაშებთან (თავზეხელაღებული, კარგად გაწვრთნილი ვაჟკაცები, მეომრები) ერთად ქართველებს თავს დაესხნენ. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით მტერმა პირველი თავდასხმისთანავე 70 ქართველი მოიტაცა, ციხეში შეიყვანა და
დახოცა (79). გათამამებული დელიბაშები აწყურის გზაზე შეჯახებიან ქართველებს ,, . . . გზასა ზედა შეემთხვა მეფესა მხედრობა დელიბაშებისა, რომელსაც სძლო მეფემან” (141, 81). მეფე ერეკლემ ლაშქარი სამ ძირითად ნაწილად განალაგა აწყურის მიდამოებში, სოფლების საყუნეთი – ტყემლანას ტერიტორიაზე. პირველ ნაწილს ალექსანდრე ციციშვილი უსარდლა და ხიდიდან მარცხნივ ახლო მდებარე ტყეში ჩაასაფრა. ციციშვილმა მიიღო დავალება, როდის უნდა ჩაბმულიყო ბრძოლაში და რა უნდა გაეკეთებინა. მეორე ნაწილს მეფემ თავისი ვაჟი – გიორგი ჩაუყენა სათავეში და ხიდიდან მარჯვნივ სამი ვერსის (3200 მეტრი _ სოფ. საყუნეთის მხარეს) მანძილზე განალაგა. მესამეს თვით ერეკლე სარდლობდა. მეფე წინ წაუძღვა თავის რაზმს, ხიდიდან ოთხი ვერსით (4264 მეტრი) უკან დაიხია და მოწინააღმდეგის პირველი დარტყმის მისაღებად გაემზადა. ახალციხის, ნამირ ფაშას მიერ გამოგზავნილი თურქთა კარგად შეიარაღებული მხედრობა აწყურის ციხის მხრიდან ერთ დროს ერეკლეს ბრძანებით აგებულ ხიდს მოადგა. მცირე ყოყმანის შემდეგ (სავარაუდოდ, დაზვერვა ჩატარდა – დ. მ.) მტრის ჯარმა ხიდი გადაიარა და მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს გადავიდა. როდესაც მათ ჩვენი ძალები ვერ დაინახეს, გზა გააგრძელეს სოფ. ტყემლანას მიმართულებით და პირდაპირ ერეკლეს რაზმის განლაგებას მიადგნენ. გაიმართა ფიცხელი ბრძოლა. ორივე მხარე თავგანწირვით იბრძოდა. ამ დროს გიორგი ბატონიშვილი თავისი რაზმით თავზარდამცემი ყიჟინით ჩაერთო ბრძოლაში. მოულოდნელ დარტყმას ვეღარ გაუძლო ოსმალთა
ჯარმა. როდესაც ციციშვილმა დაინახა, რომ თურქთა ჯარი შედრკა და
ერეკლემ მოწინააღმდეგე ხიდისაკენ უკუაქცია, გამოვიდა საფრიდან და თურქებს უკან დასახევი გზა მოუჭრა. მტერი ხიდს მოაწყდა. ხიდი რომ დაკავებული დახვდა გადაცურვის იმედით მტკვარში გადაეშვნენ (141, 82). ადიდებული მდინარე ვერცერთმა მათგანმა ვერ გადალახა. (იხ. სქემა #6, 156).
ერეკლემ დაუძახა დე გრაი დე ფუას და უთხრა: – ,,წადით და მოახსენეთ თქვენს გენერალს, რაც თქვენი თვალით ნახეთ, უთხარი მას, რომ არ გეღალატა, ერთ კვირაში ავიღებდით ახალციხესთქო, მე დავბრუნდები თბილისს და თქვენი გენერლის მოქმედების შესახებ ყველაფერს მის უდიდებულესობას იმპერატორს შევატყობინებო~ (137). რუსეთის სამეფოს წარმომადგენელი საქართველოში ანტონ მოურავოვი, ამ ბრძოლის მონაწილე, შემდეგ წერს: ,,გამხნევებული 500
ცხენოსან. . .გადავიდა შეტევაზე თურქებისა და ლეკების წინააღმდეგ, რომლებმაც იმ წუთშივე დაიწყეს უკან გაქცევა. ამ ბრძოლაში ერეკლეს ერთი მეომარი მოუკლეს და სამი დაუჭრეს~. მტერმა კი აწყურის მიდამოებში დიდძალი მსხვერპლი გაიღო. ნაწილი ადიდებულმა მტკვრის ტალღებმა დაახრჩო, ნაწილი კი ქართველთა ხმლით მოისრა. . .~ (141, 83).
აწყურის მიდამოებში ბრძოლისას განსაკუთრებით უსახელებია თავი
ხევსურთა რაზმს, რომელიც მეფე ერეკლეს მცველთა ბანაკში იმყოფებოდა. მეფის შემდეგ ამ ბრძოლის ლეგენდარულ გმირად ასახელებენ სოფ. კოლაგის მკვიდრს _ ლუარსაბ ოთარის ძე ვაჩნაძეს, რომელსაც მრავალი ბრძოლის გმირად იცნობდნენ. ამ გადმოცემის სინამდვილეს ისტორიული დოკუმენტიც ადასტურებს, კერძოდ, მეფე გიორგი XII-ის წყალობის სიგელი ლუარსაბ ვაჩნაძისადმი, რომელშიც ვკითხულობთ: ,,შენი სიყრმითაგან მრავალ ომებში სახელოვნად გარჯა, მოკვლა და ტყვეთა მორთმევა, აგრეთვე ასპინძას, დიდად რომ გაგვიჭირდა, ბატონს მამაჩვენს და ჩვენს წინ სახსოვრად ხელის გამოღება თვით ჩვენის თვალით უყურებდით, დელიბაშმა პირდაპირ შუბით პირის სახეზედ მძიმედ დაგჭრა, მაგრამ როგორც მამაცობას შვენოდა, არ უმტყუნე და თოფით ჩამოაგდე~ (141, 84). მიუხედავათ ქართველების ასეთი გმირული გამარჯვებისა, მეფე ერეკლემ ზოგიერთ მიზეზთა გამო ქ. ახალციხეზე იერიშის განხორციელება ვერ გაბედა. ამრიგად ახალციხის აღების გეგმა ჩაიშალა. ბორჯომის ხეობით თბილისში დაბრუნება საშიში იყო. ლეკ-ოსმალთა ლაშქარი ჯერ კიდევ საბოლოოდ განადგურებული არ იყო და შესაძლოა უკან გაბრუნებული ქართველები ბორჯომის ხეობის ვიწრო გასასვლელებში გაენადგურებინათ.
მეფე ერეკლემ აწყურშივე შეიტყო ადგილობრივი (ქართველი)
მოსახლეობისაგან, კერძოდ კი ნიკო ბერიძისაგან (ნიკოლოზ ბერიძე
წარმოშობით ჯავახეთიდან _ სოფ. კოთელიადან, რომელიც მეგზურობას უწევდა ქართველთა ლაშქარს და თრიალეთზე გავლით ქართლისაკენ მიჰყავდა ისინი), რომ ახალციხის ფაშას ბრძანებით აწყურის ციხის მოსაშველებლად წამოსულან ახალქალაქისა და ხერთვისის მეციხოვნე იანიჩრები (რეგულარული, კარგად
გაწვრთნილი ქვეითი ჯარი (77, 308. 113, 163), რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ასპინძის მიმართულებით ქართველებისათვის გზები შეეკრათ, ნაწილი კი აწყურის მეციხოვნეებს მიშველებოდა: ,,. . . ცუდი საქმე მოელოდა ქართველ ჯარს. იგი ეხლა ხაფანგში მომწყვდეულივით იყო, ამიტომ ახალციხის ფაშა გათამამდა და იმედი ჰქონდა ერეკლე ეხლა ხელიდან ვეღარსად წაუვიდოდა და ისე შეანანებდა ამ თავხედ შემოჭრას ოსმალეთში, რომ მთელ სიცოცხლეში არ დაივიწყებდა. ქართველთა მხედრობას მთლად განადგურებას უპირებდა, ხოლო თვით მეფეს ტყვედ წაყვანას~ (141, 89).
ამრიგად, ლეკ-ოსმალთა ჯარს განზრახული ჰქონდა ქართველებისთვის
ასპინძის ხეობაში გზები შეეკრა, ერთი მხრიდან _ ახალქალაქ-ხერთვისის მეციხოვნეების დახვედრით, ხოლო მეორე მხრიდან _ აწყურ-ახალციხის ჯარების შეტევით. მოწინააღმდეგე მეფე ერეკლეს ფეხდაფეხ დადევნებია. ამის შესახებ ისტორიკოსი ომან ხერხეულიძე წერს: აწყურის მიდამოებში ,, . . .იქმნა ბრძოლა ფიცხელი, ვიდრე სამ საათამდე და ლეკნი და ოსმალნი უკუდგნენ სიმაგრეთა და რუსნიც შემოვიდნენ ხეობაში სამშვიდობოს და ამისა შემდგომად მეფე ირაკლი აიყარა მასვე დღესა (19 აპრილი) და წამოვიდა ჯავახეთის მხრისაკენ მინდორზედ, გამოვლო აწყურიდამ 12 ვერსი (12792 მეტრი) და ამას ღამესა მუნ დაივანა გამოყვნენ ოსმალ-ლეკნიცა~ (40, 491. 48, 80). ახალციხის ფაშას ქართველთა მოქმედება მხედველობიდან არ გამორჩენია.
1770 წლის 19 აპრილსAახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან 1500 მებრძოლი გამოიყვანა, რათა გზა გადაეჭრა ერეკლე მეფის ლაშქრისათვის ასპინძასთან (125, 106). ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, ახალციხისა და ხერთვისის მეციხოვნეებს აწყურისაკენ წამოსვლის დროს საშინლად დაურბევიათ გზის პირას მდებარე ქართველების სოფელი ნიჯგორი (ასპინძის რ-ნი). ამ სოფლის მოსახლეობა ახლომახლო გამოქვაბულებსა და ხევებში შეხიზნულა. სოფლის თავკაცის დიმიტრი ლონდარიძის ხელმძღვანელობით მამაკაცები შეკრებილან და მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართავთ. ახალქალაქისა და ხერთვისის მეციხოვნეებს რადგან ნაბრძანები ჰქონდათ ქართველთა ლაშქრისთვის ასპინძასთან გზები ჩაეკეტათ, სოფელ ნიჯგორს მალე გასცილებიან, რითაც სოფლის მოსახლეობას საფრთხე ასცილებია (141, 90).