ასპინძის ბრძოლა – დეტალური ისტორია + მათემატიკური ანალიზი. პოლკოვნიკ დავით მაღლაკელიძის ნაშრომიდან. ნაწილი მესამე.
მეფე ერეკლეს ბრწყინვალე სამხედრო ნიჭი სოფ. იდუმალასთანაც
გამოვლინდა. მან მტერს ცხენოსანი რაზმი შეაგება. მოწინააღმდეგე შედრკა. მეფემ ბრძოლაში ახალი რაზმები ჩააბა. ქართველები მოხერხებული მაღლობი ადგილებიდან უტევდნენ ოსმალებს. ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ და არ სურდათ, ბრძოლის ველი ქართველებისთვის დაეთმოთ, მაგრამ ქართველ მებრძოლთა ახალი ძალების ბრძოლაში ჩაბმამ შედეგი გამოიღო. მტერი ერთმანეთში აირია და თავს გაქცევით უშველა. მოწინააღმდეგემ ბრძოლის ველზე 500 მეომარი დატოვა, დანარჩენი ადიდებულმა მტკვარმა დაახრჩო.
ქართველებს მოუკლეს 4 თავადი და 10 რიგითი მეომარი, რაც მათი
ხელჩართული საბრძოლო ხელოვნების მაღალ ოსტატობაზე მიუთითებს.
აი, რას წერს ამის შესახებ ამ შეტაკების თვითმხილველი ანტონ
მოურავოვი 1770 წლის 30 აპრილს გენერალ ტოტლებენს: ,, . . . სოფელ
ასპინძას, მათ (ქართველებს) შეხვდათ ხუთიათასი ცხენოსანი დელიბაშის, ლევანდის . . . სადაც მარცხნივ (სოფ. იდუმალასა და ოშორის) მაღალი გორებია, რომლებზედაც ზევით მისვლა ვერაფრით ვერ მოხერხდა და მარჯვნივ კი მტკვარი იყო. გორებიდან კი მდ. მტკვრამდე მანძილი იყო მხოლოდ ორი კილომეტრი, სადაც ირაკლი არჩეული ცხენოსნებით შეეჯახა მათ. თუმცა, თურქები ძალიან იცავდნენ თავს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდნენ უკან
დაეხიათ, იმათ (ოსმალებს) მიწაზე 500 მკვდარი მეომარი დარჩათ, თვითონ ირაკლის კი მოუკლეს 4 თავადი და 10 რიგითი მეომარი~ (51, I, 107).
იდუმალასთან ბრძოლა მთლად დამთავრებული არ იყო, როცა ერეკლეს
აცნობეს, რომ ახალციხის ფაშას მიერ გამოგზავნილი სამხედრო კორპუსი ასპინძის მიმართულებით გამოჩნდა და ხიდის გაგავლით მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გადმოსვლას აპირებსო. ლეკ-ოსმალთა ლაშქარი ახალციხის გარნიზონიდან ასპინძის მიდამოებში მოვიდა. ურავლის ხეობით, სოფლების: ჭობარეთის, ზველის, ორგორა სახუდაბელის- გასწვრივ გავლით და ასპინძის ხიდზე გადასვლით. ამ დროისათვის მეფეს თან ჰყავდა სულ 3000-მდე მეომარი. Mმათში იყვნენ ბორჩალოელი თათრები. განსაცდელში მყოფი, სამეფოს მოწყვეტილი, მოწინააღმდეგის დიდ ძალას უნდა დაპირისპირებოდა. ასეთ ვითარებაში თავი იჩინა სარდლის ნიჭმა. ერეკლე მეფემ კარგად იცოდა, რომ ხელსაყრელი პოზოცია, მოხერხებული საომარი ადგილი ყველაზე მეტად იყო საჭირო რიცხობრივად დიდი უპირატესობის მქონე მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისათვის. ამიტომ ასეთი ბუნებრივი პოზიციის შერჩევას შეუდგა დაუყოვნებლივ. Mმეფემ ასპინძის მაღლობები ამოირჩია. აი, რას წერს ამ ადგილების შესახებ XVIII-ის
ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი: ,,ამას (სველის, ანუ
ლაშისხევის) ზეით ერთვის მტკვარს ასპინძის ხევი აღმოსავლეთიდამ, გამოდის კოდიანისას ანუ ჯავახეთის მთას. ამის შესართავთან არის ხიდი მტკვარსა ზედა. ასპინძის თავს და აგარას ბოლოს არის ციხე კლდესა ზედა შენი, მაგარი. ასპინძის ზეით, ჩრდილოეთით არს მგელციხე. მაგარი დიდშენი. ამავე ხევზედ ოთას, არს კლდესა შინა გამოკვეთილნი ქვაბნი დიდ-დიდნი სახიზრად” (33,127). შეტაკების ადგილები მდებარეობდა დასახლებულ პუნქტების იდუმალასა
და ასპინძას შუა მტკვრის მარჯვენა ნაპირას.
მტკვარსა და სიმაღლეებს შორის 2 კილომეტრამდე სიგრძის ვიწრო ვაკე-ბორცვიანი ადგილი იყო დარჩენილი. ,,ერეკლემ ეს კლდოვანი სიმაღლეები აირჩია საომარი მოქმედებებისათვის და იქ ჩაასაფრა მებრძოლები~ (52, 18), რომელნიც სამ ნაწილად დაჰყო.Eერთ ნაწილს თვითონ ხელმძღვანელობდა, მეორეს _ ერეკლეს უფროსი ვაჟი გიორგი, ხოლო მესამეს _ დავით ორბელიანი. ქართველთა საბრძოლო განლაგება თავდაცვაში ასეთი იყო: ცენტრალურ დაჯგუფებასსარდლობდა თვით მეფე, რომელიც შუა მაღლობებზე განლაგდა, მარჯვენაფრთას _ გიორგი ბატონიშვილი, რომელსაც მეფისაგან ნაბრძანები ჰქონდა, თავისი ლაშქრით თავდაპირველად ბრძოლაში მონაწილეობა არ მიეღო, მას
თავისი ძალები გაჭირვების დროს ან იერიშის განვითარებისათვის უნდა გამოეყენებინა, როგორც რეზერვი, მარცხენა ფრთაზე კი დავით ორბელიანი იმყოფებოდა ზაალ ორბელიანთან ერთად.
ქართველ მებრძოლებს პოზიციები ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდათ
დაკავებული ასპინძის მაღლობებზე, რომ თურქთა რაზმებმა გადმოსვლა დაიწყეს ხიდზე, რომელიც მტკვარზე იყო გადებული. ერეკლემ განგებ აცალა მოწინააღმდეგეს ხიდზე მებრძოლთა გადმოყვანა, რათა თავისი ტაქტიკური ჩანაფიქრი განეხორციელებინა (ვიწრობებში ძალების მანევრირების შეზღუდვა -დ. მ.) მოწინააღმდეგემ მთლად აავსო გრძელი და ვიწრო ვაკე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. დაღამდა,Mმცირე ნაწილი ლაშქრისა მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა და ბრძოლა შემდეგი დღისათვის გადაიდო.
მეფე ერეკლემ, გაითვალისწინა რომ მტერს ახალი მაშველი ძალები
შეემატებოდა, ამიტომ 19 აპრილს მდ. მტკვარზე ხიდი აყარა. მტკვრის მარცხენა მხარეს მტრის ლაშქრის ნაწილი და მაჰმადიანი მოსახლეობით დასახლებული მრავალი სოფელი (დიდი და პატარა ვარნეთი, ბნელა, ოსკერია, აწყვიტა, ქუნცა, როკეთი, ორგორა, სახუდაბელი, ახაშენი და სხვა) შეეცდებოდა, დახმარება აღმოეჩინათ ახალციხის ფაშასათვის ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში. ,,მოვიდა მეფე ირაკლი ასპინძას და ასპინძის ხიდის ისრები ააყრევინა და მტკვარში გადააყრევინა~ (48, 80) ბრძოლის წინა ღამეს ერეკლე II-მ მცირერიცხოვანი რაზმი გააგზავნა ხიდის მწყობრიდან გამოსაყვანად, რომელშიც აღაბაბ ერისთავი, სვიმონ მუხრან-ბატონის შვილი და ხუდია ბორჩალოელი მონაწილეობდნენ. ჯგუფმა მოულოდნელი თავდასხმით მცველები გაანადგურა და შეასრულა მეფის მიერ მიცემული დავალება ისე, რომ მოწინააღმდეგეს მეორე დღემდე არაფერი შეუტყვია (141, 102).
1770 წლის 20 აპრილს, . . . მოწინააღმდეგე არ აქტიურობდა,
ქართველებისგან მოელოდა შეტევის დაწყებას. მეფე ერეკლემ მტრის
მოსატყუებლად სამხედრო ხერხს მიმართა: დაახლოებით 100-მდე მებრძოლი გაგზავნა მტრის მმართულებით ცხენებზე ხურჯინგადაკიდებული, ვითომდა ,,სურსათ-სანოვაგის~ მოსატანად, რათა მტერი შეცდომაში შეეყვანა და ჩასაფრების ადგილიდან წამოეშალა. როგორც ირკვევა, ქართველებმა მეფის დარიგებისამებრ, ხმლების ქნევით, უკან-უკან დაიხიეს (141, 102). ფაქტია, რომ
თითქმის ყველა მკვლევარი აღნიშნული ბრძოლისა, ოსმალების მიერ შეტევის დაწყებას ამტკიცებს, ამიტომ ს. ხოსიტაშვილის გადმოცემა მართებულია. ოსმალებისა და ლეკებისაგან შემდგარმა ჯარმა წინ წაწევა და დადევნება დაიწყო. თოფით სროლის მანძილზე მიახლოებისას ერთბაშად სროლა დაიწყო, მაგრამ ჩამწკრივებულ და საფრებს ამოფარებულ ქართველებს მტერი ვერაფერს აკლებდა. ერეკლემ ახლო მანძილზე მოუშვა მოწინააღმდეგე, მისი ნიშნის შემდეგ ქართველთა თოფებმა ერთდროულად იქუხეს და მოახლოებული მტრის
პირველი რიგი მოცელილი ბალახივით დაეცა. ასეთივე ბედი ეწია მეორე და მესამე რიგებსაც. იარუსებად განლაგებული ქართველები სეტყვასავით ესროდნენ ტყვიას ოსმალებს, როგორც ამას ისტორიული ლიტერატურა გადმოგვცეს. ქართველები საბრძოლო უპირატესობას ფლობდნენ. მაღლობებიდან გასროლილი იარაღი მოწინააღმდეგეს მეტი სიზუსტით ანადგურებდა, რასაც ხელს უწყობდა ვიწრო ადგილმდებარეობით გამოწვეული მტრის ძალების სიმჭიდროვე და თავისუფალი მანევრირების შეზღუდა. მოწინააღმდეგის რიცხობრივმა სიჭარბემ თავისი გაიტანა და ქართველთა ცენტრალურ დაჯგუფებას ახალი რაზმებით შეუტია. Dდავით ორბელიანმა
გააძლიერა მარჯვენა ფრთიდან ცეცხლის დაშენა. Eერეკლე II-მ მებრძოლებს სიტყვით მიმართა: ` … მხნენო ქართველნო, ეს ამისთანა გაჭირვებული ომი ჩვენ თავზედ პირველი არ არის. Kკარგად გაარჩიეთ, დაინახეთ, რა სიკვდილის ლხინი არის დღეს! ვიომოთ სიკვდილამდის, რომ ჩვენი ზურგი მტერმა არ ნახოს … მეც აქ თქვენში ვიმყოფები, ერეკლე ~ (63, 5). ამ გრძნობით წარმოთქმულმა სიტყვებმა მებრძოლთა მორალური მდგომარეობა გააათკეცა იმ დონემდე, როცა თავდადება და სამშობლოსათვის სიკვდილი, თუ შეიძლება ითქვას, ნეტარებად
მიაჩნია ადამიანს, მით უმეტეს, უმრავლესობამ იცოდა ერეკლე მეფის ბრძოლის ამბავი. ქართველებმა მაღლობებიდან იერიში მიიტანეს. მეფის საოცარი მამაცობითა და სიმარჯვით აღტაცებაში მოსული ცხენოსანი ჯარი უმოწყალოდ ჩეხდა მოწინააღმდეგეს. მემატიანის გადმოცემით, ` ერეკლემ გასწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხლად ვიდრე სიკვდილამდე და იყვნენ მეფისა თანამყოფნი ქართველკახნი მხნედ და უმეტეს შვიდნი იგი ხევსურნიო~. ბრძოლის კულმინაციურ
მომენტში მეფე ერეკლემ მოწინააღმდეგის წინამძღოლი ლეკთა ათასისთავი კოხტა ბელადი (მალაჩილა) მოკლა. XIX ს-ში სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები დელე პავლიაშვილი , რომელსაც ი. ალხაზიშვილმა გამოკითხა ასპინძის ბრძოლის შესახებ, საიდანაც ვგებულობთ, რომ ` მეფე ერეკლე ერთ სერზე, სადაც თათრების სასაფლაო ყოფილა კოხტა ბელადს შეტაკებია. წამსვე კოხტას
მოქნეული ხმალი ასცდა მეფეს, რადგან ცხენს მუცელზედ მოექცა. ხმალმა სუ წაიღო უნაგირის აიარ-ყაში (თავი) … მოაჯდა მეფე ცხენს…… ერეკლემ მოუქნია ხმალი და ისე გაუარა ხმალმა რო ლეკმა ვერც-კი გაიგო … გადასჭრა კაცი … გიაურო ვერ მომარტყიო, მაგრამ ცოტა რო შეინძრა ტანი ძირს ჩამოვარდა და ფეხები კი უზანგში დარჩა . . . ~ (52, 3). რაოდენ გადაჭარბებულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს დელე პავლიაშვილის მონათხრობი (მხატვრული გაფორმება), ერეკლე მეფის მიერ კოხტა ბელადის მოკვლას მრავალი ისტორიული მასალა ადასტურებს. რა გასაკვირია, რომ ამ ორთაბრძოლის მხილველი მოწინააღმდეგე შეშინდა და მათი დამარცხება შედარებით გაადვილდა. მეფის მსგავსად, მამაცურად იბრძოდნენ ქართველი მებრძოლებიც. ოსმალ-ლეკთა ლაშქარმა უკან დახევა დაიწყო. Aმათ მხოლოდ იმის იმედი ამხნევებდა, რომ ხიდზე გადავიდოდნენ და თავს გაქცევით მაინც უშველიდნენ.
იმ გარემოებამ, რომ უკუქცეულ მოწინააღმდეგეს ხიდი აყრილი დაუხვდა და ერთადერთი უკანდასახევი გზა მოჭრილი იყო, მათ რიგებში პანიკა გამოიწვია. იგი მორალურად დაეცა და ბრძოლის უნარი დაკარგა. მტკვრის მარცხენა ნაპირზე დარჩენილმა მცირერიცხოვანმა მოწინააღმდეგემ, ხიდის განადგურების გამო, მდინარის მარჯვენა მხარეს გადმოსვლა და მებრძოლებზე მიშველება ვერ შეძლო. საბოლოოდ მოწინააღმდეგე ქართველებისა და აზვირთებული მტკვრის მსხვერპლი გახდა. (იხ. სქემა #7. 157). ადგილმდებარეობის რეკოგნოსცირებაში დაგვეხმრა ასპინძის მკვიდრი, ისტორიკოსი რობერტი ბერიძე. ქართველებმა დაატყვევეს 56 თურქი და 1 ლეკი. ხელთ იგდეს მრავალი დროშა, ცხენი და დიდძალი იარაღი. ჩვენი მხრიდან დანაკარგი რამდენიმე ათეულ დაჭრილ-დახოცილს შეადგენდა. დაჭრილთა შორის მოხსენიებულია ალექსანდრე ციციშვილი და იასე ერისთავი.
მოწინააღმდეგის რიცხობრივი რაოდენობა ისტორიულ მასალებში
სხვადასხვანაირადაა მოცემული. ნ. ბერძენიშვილის გადმოცემით ≈ 4000, ო.ხერხეულიძის ≈ 6000, გ. ქიქოძისა და ვ. მაჭარაძის ≈ 8000. მიუხედავად იმისა, რომ ო. ხერხეულიძე აღწერილი პერიოდის მემატიანეა, სანდოობის თვალსაზრისით, ვ. მაჭარაძის მიერ მოძიებული დოკუმენტები უფრო სარწმუნოა. ტყვედ ჩავარდნილი რამდენიმე მეთაურის ჩვენებით, რვაათასიანი კორპუსიდან 4000-ზე მეტი მებრძოლის ველზე დაღუპულა (98, 68), ასობით
მებრძოლი წყალდიდობით აზვირთებულმა მტკვარმა დაახრჩო. დაღუპულა მოწინააღმდეგის კორპუსის სარდალი; 12 სანჯაყის მფლობელი; ყულიანის, კარცხლისა და ოლთისის ფაშები. ერეკლე II პანინისადმი გაგზავნილ წერილში მოკლულთა შორის ასახელებს _ თურქთაგან: არტანბეგს, ბექირბეგს, გოლა ფაშას, შავშეთის ბეგს და სხვა. ლეკთაგან: ათასისთავს – მალაჩილას (კოხტა ბელადი), უსუფ ბელადს, ჰაჯი მამედ ბელადს და სხვა. დაღუპულად თვლიდა მეფე ყუმუხის მთავრის შვილს, სულთნის მიერ წინასწარ თბილისის ფაშად დანიშნულს, რადგან ამ უკანასკნელის ცხენი მეფეს მიჰგვარეს (141, 115). ერეკლე II-სა და მის მებრძოლების გმირობის შესახებ მრავალი ლექსია დაწერილი სოლომონ ცაიშვილის წიგნში ,,ერეკლე მეფის გმირული სახე ხალხურ შემოქმედებაში~ (134).
ერეკლე მეფემ ტყვეთაგან ახალციხელი იზმაილ-აღა, ერზერუმელი რეჟებაღა და ლეკი სახელად ატა, რუსეთის სამეფო კარზე გააგზავნა (52, 3). აღნიშნულით რუსეთს დაუმტკიცა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ერეკლე II-ის მიერ შეთავაზებული გეგმის განხორციელება. ტოტლებენის ღალატისა და სამეფოში შექმნილი ვითარების გამო ბრძოლა ახალციხის აღებისთვის აღარ გაგრძელებულა.
ასპინძის ბრძოლაში ქართველებმა მეფე ერეკლე II-ის სარდლობით
დაამარცხეს მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგე. ეს ბრძოლა, სამხედრო
ხელოვნების თვალსაზრისით, თავდაცვითი საბრძოლო ოპერაციაა. როდესაც ერეკლემ გაიგო, რომ მტრის ჯარი აწყურისაკენ მიემართებოდა, დაასწრო მათ გადმოსვლას და თვითონ გადავიდა ასპინძაში დასახვედრად. ამ შემთხვევაში მოქმედების გეგმა ასეთი იყო, დაესწრო მოწინააღმდეგისთვის და სრულიად მოულოდნელად თავს დასხმოდა მას. შეაფასა რა არსებული ვითარება, ოსმალებს დაასწრო და ასპინძის მაღლობები დაიკავა. Aასეთი მოქმედება მისი ტაქტიკური ჩანაფიქრია. სუნ ძი აღნიშნულის შესახებ ამბობდა: ,,ვინც პირველი მიდის ბრძოლაში და მტერს ელოდება, იგი სავსეა ძალებით, ვინც შემდეგ დაღლილია. ვინც კარგად იბრძვის, ის მართავს მოწინააღმდეგეს და საშუალებას არ აძლევს, რომ მართოს თავისი თავი~ (101, 47), ასე მოხდა ამ ბრძოლაშიც. ეს იმითაც აიხსნება, რომ მოწინააღმდეგემ რამდენეჯერმე მიიტანა იერიში მაღლობებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან საინჟინრო თვალსაზრისით გამაგრებულ ქართველ მებრძოლებს სამმაგი უპირატესობა გააჩნდათ:
I – წინასწარ შერჩეული ადგილი თავდაცვის კარგ საშუალებას იძლეოდა, რაც მცირე დანაკარგს გამოიწვევდა;
II – მოწინააღმდეგის ეფექტური დაზიანება სიმაღლიდან ახლო მანძილზე.
III – სწრაფი კონტრიერიშის განხორციელების შესაძლებლობა, რაც
წარმატებით იქნა გამოყენებული.
როგორც ვიცით, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მებრძოლთა საბრძოლო შემართებას, რაც დამოკიდებულია იდეოლოგიასა და რწმენაზე. ერეკლე მეფემ იერიშის წინ სიტყვით მიმართა მებრძოლებს და მათი განწყობა აამაღლა, ასპინძის ხიდის გაფუჭებით გამარჯვების რწმენა განუმტკიცა.
რაკი მოწინააღმდეგემ პირდაპირი იერიშებით ვერაფერი გააწყო და დანაკარგს უშედეგოდ განიცდიდა, სავარაუდოა, გადაწყვიტა ქართველთა საბრძოლო წყობისთვის ზურგიდან მოევლო. Aამ ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად ხიდის მიმართულებით უკან დაიხია და რელიეფიდან გამომდინარე ვიწრო დაბლობზე მოახდინა ძალების კონცენტრაცია. ამ დროს გამომჟღავნდა სარდლის ნიჭი, მან მებრძოლები კონტრიერიშზე გადაიყვანა. ოსმალ-ლეკნი დაიბნენ, ვინაიდან ასეთ მოქმედებას არ ელოდნენ. კოხტა ბელადის სიკვდილმა და ხიდის მწყობრიდან გამოყვანამ მტერი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და მორალურად დააძაბუნა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოულოდნელობის ფაქტორი და ქართველებს გამარჯვება მოუტანა.