ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდზე Potland LPD-27 ახალი თაობის ლაზერული იარაღი გამოსცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე პერლ-ჰარბორის ბაზის სიახლოვეს დისლოცირებული სადესანტო-სატრანსპორტო გემის ეკიპაჟმა ცდებისას მყარსხეულიანი ლაზერული იარაღით უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. სამხედრო უწყებას ლაზერის სიმძლავრე არ გაუმხელია, თუმცა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის 2018 წლის ანგარიშზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის დაახლოებით 150 კილოვატს შეადგენდა. დანადგარი სამხედრო-სამრეწველო კომპანიამ Northrop Grumman დაამზადა.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს გემი ლაზერული იარაღით, რომლის სხივიც წყლის ზედაპირის გასწვრივაა მიმართული და ჰაერში მყოფი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც ცეცხლი ეკიდება.
ამერიკის შეერთებული შტატები ამ ტიპის ენერგეტიკული იარაღის შექმნაზე 1960-იანი წლებიდან მუშაობს. დრონები, მცირე ზომის სამხედრო კატერები და სადაზვერვო დანიშნულების მქონე აპარატები სულ უფრო საშიში ხდება. ქვეყნის თავდაცვის უწყება ლაზერულ ტექნოლოგიებს სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ ავითარებს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის არსენალში 30 კილოვატი სიმძლავრის ლაზერული იარაღი უკვე დანერგილია. ამერიკელი სამხედროები იმედოვნებენ, რომ ამ სახის დანადგარები გემებსა და ავიამზიდებს დრონებისა და შორი მოქმედების რაკეტებისგან დაიცავს. მათი თქმით, ისეთ მოწინააღმდეგესთან გასამკლავებლად, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი, ეს ტექნოლოგია შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს