სანდრო თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-8 კლასელია. იმის შემდეგ რაც იგი სხვა სკოლაში გადავიდა, თავისი ჭარბი წონის გამო ახალ კლასელებთან ურთიერთობაში პრობლემა შეექმნა.
სკოლის პირველ დღეს, გაკვეთილზე ახალი კლასელები პერიოდულად შეხედავდნენ და იცინოდნენ. მის მოწითალო ფერის სავსე ლოყებს ზოგი წითელ ვაშლს ადარებდა, ზოგი კი ფუნთუშას. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, დერეფანში გაიგონა რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორეს უთხრა მასზე, ალბათ ღორივით სანსლავს საჭმელსო. ეს სიტყვა _ ,,ღორი’’ აიტაცა კლასში აგრესიულობითა და უდისციპლინობით გამორჩეულმა ნოდარმა და გადაწყვიტა ამ დღიდან მოყოლებული მისთვის ,,ღრუტას’’ მეტსახელით მიემართა.
მეორე დღეს, როცა ნოდარმა, მასწავლებლის კლასში შემოსვლამდე, ჯგუფის გასაგონად ღრუტათი მიმართა, კლასელებმა გაიცინეს და ამით წააქეზეს ემოციურად მოძალადე ნოდარი. რადგანაც იგი ზოგიერთი ამყოლი ბუნების მქონე ბიჭისთვის ავტორიტეტული იყო, მაშინვე დაიწყეს მოძალადისთვის მიბაძვა. ყოველი შესვენების შემდეგ, ნოდარი და რამდენიმე ბიჭი ღრუტას უწოდებდნენ ხმამაღლა და იცინოდნენ. ერთმა მოსწავლემ დანარჩენებს გადასძახა, ეს თუ მასწავლებელთან მიძუნძლდება და შესჩივლებს, ღრუტას გარდა ქალაჩუნაც იქნებაო. სანდროს კი რცხვენოდა ყველასი, გულჩათხრობილი იყო და ერიდებოდა რომ მასწავლებლისთვის ეჩივლა.
ერთხელ, კლასელი მარის დაბადების დღეზე, ბოლო გაკვეთილზე, მშობელმა ტორტი და ლიმონათი შემოიტანა კლასში. დამრიგებელმა ორ მოსწავლეს სთხოვა ტორტის ნაჭრები და ლიმონათი დაერიგებინათ ყველასთვის. როდესაც ერთ-ერთი მათგანი სანდროსთან მივიდა ტორტისა და ლიმონათის მისაცემად, ნოდარმა მას უთხრა: ,,ანა, ფრთხილად იყავი, შენც არ მიგაყოლოს!’’ ამაზე მოსწავლეებმა სიცილ-ხარხარი ატეხეს. მასწავლებელმა შენიშნვა მისცა ნოდარს, მაგრამ მან არ შეიმჩნია. შემდეგ ნოდარს აყოლილმა რატიმ სანდროს მიმართა შემდეგი სიტყვებით: ,,ღრუტა, ტორტს რომ შეჭამ, თეფში დატოვე, ისიც არ შემოგეჭამოს!’’
ამის შემდეგ მასწავლებელი მიხვდა, რომ გარეგნობის გამო სანდროზე ემოციურ ზეგავლენას ახდენს რამდენიმე ბიჭი და კლასიც აქეზებს სიცილით. ამ ფაქტმა იგი დააფიქრა იმაზე, თუ რა ზომები მიიღოს ბულინგის აღმოსაფხვრელად.