ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ 11 მარტს გაცემული განკარგულებით, დედამიწის გარშემო მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) ღია სივრცეში ნარჩენებით სავსე ყველაზე დიდი ზომის კონტეინერი გადააგდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ჩვენი პლანეტის ორბიტაზე დაახლოებით 2-4 წელს დაჰყოფს, შემდეგ კი ატმოსფეროში შემოვა და დაიწვება.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაგდებული უზარმაზარი ობიექტი ძველი ელემენტებითაა სავსე და რეკორდულ 2,9 ტონას იწონის. დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ მოდულზე ის იაპონიის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი სატვირთო ხომალდის HTV რიგით მე-9 და უკანასკნელი მისიის დროს, გასული წლის მაისში მოხვდა. აპარატმა მისი მეშვეობით სადგურზე ლითიუმ-იონის 6 ელემენტი აიტანა, რომელიც ასტრონავტებმა მზის პანელებიან კონსტრუქციაზე დაამონტაჟეს.
2017-დან 2020 წლამდე იაპონურმა ხომალდმა საერთაშორისო კოსმოსური სადგური ჯამში ენერგიის 24 ახალი წყაროთი მოამარაგა, რომლითაც ეკიპაჟის წევრებმა ნიკელ-წყალბადზე მომუშავე 48 ელემენტი ჩაანაცვლეს. თითოეულ მათგანს ისინი სპეციალურ კონტეინერში ღია კოსმოსში გასვლისას ათავსებდნენ, რის შემდეგაც HTV-ს ის უკან, ატმოსფეროში დასაწვავად ჩაჰქონდა. თუმცა, 2018 წელს ნარჩენების გატანა ვერ მოხერხდა. ამის გამო აპარატს წინა წლიდან მორჩენილი ტვირთის წაღება უწევდა. ასე მოხდა უკანასკნელი მისიის დროსაც, შედეგად კი მოდულზე ზედმეტი კონტეინერი დარჩა.
იქიდან გამომდინარე, რომ იაპონიამ HTV ექსპლუატაციიდან ამოიღო, სადგურზე არსებული ნარჩების სხვა გზით მოშორება გახდა საჭირო. საბოლოოდ, NASA-მ მისი კოსმოსში გადაგდების გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტოში აცხადებენ, რომ ორბიტაზე მოძრავ ობიექტს დედამიწის გრავიტაცია მიიზიდავს, ატმოსფეროში შემოსვლისას კი ის თითქმის მთლიანად განადგურდება. შესაბამისად, აღნიშნული კონტეინერი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოაგდენს.