ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქ სიდნეიში მდებარე ბუნებრივი ნავსადგურის, პორტ-ჯექსონის მიმდებარედ დამონტაჟებულმა კამერამ მეხის დაცემა დააფიქსირა. ამ დროს იქ რამდენიმე ბორანი მოძრაობდა, ერთ-ერთი მათგანი კი შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ ათეულობით მეტრის მოშორებით გადაადგილდებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სიდნეის გარეუბან კირაბილიში მცხოვრებმა ლოიდ გლედჰილმა თავისი საცხოვრებელი სახლის აივანზე ვებკამერა ჯერ კიდევ 2015 წელს დაამონტაჟა. მის ობიექტივში პორტ-ჯექსონი, ასევე, ავსტრალიის უდიდესი ქალაქის ორი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა, ხიდი ჰარბორ-ბრიჯი და სიდნეის ოპერის თეატრია მოქცეული. გლედჰილის განცხადებით, კამერა ნავსადგურში მიმდინარე მოვლენებს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად აშუქებს, ლაივისთვის თვალის დევნება კი სპეციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ჩანაწერებს ავსტრალიელი სამართალდამცველებიც იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ იმავე საღამოს სიდნეიში 4 ათასზე მეტი ელვა დააფიქსირეს. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლები წყნარი ოკეანის სანაპიროზე გაშენებულ ქალაქში მიმდინარე კვირის განმავლობაში ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას პროგნოზირებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უამინდობა და უხვი ნალექი როგორც ახალ სამხრეთ უელსში, ასევე, მის ჩრდილოეთით მდებარე ქუინსლენდის შტატშიც არის მოსალოდნელი.
ელვა ელექტრული განმუხტვაა, რომელიც ატმოსფეროში არსებული განსხვავებულად დამუხტული ნაწილაკების განცალკევების შედეგად წარმოიქმნება. როგორც ცნობილია, უარყოფითი მუხტი უმეტესად ღრუბლის ქვედა ნაწილში, დადებითი კი მის ზედა ნაწილში გროვდება. მეხის დაცემამ გარემოსა და დასახლებულ პუნქტებს, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული ზიანი მოუტანოს, ვინაიდან ის ხშირად ნგრევასა და ხანძარს იწვევს.